საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, საპატრიარქოში სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც პატრიარქ ილია მეორეს შუამდგომლობით მიმართეს დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ.
განცხადების თანახმად, "მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, - უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული".
"კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ", - წერს საპატრიარქო.
კომისიის წევრები:
- საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - კომისიის თავმჯდომარე;
- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);
- გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა);
- დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი).